შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ტრეფიკინგის შესახებ 2017 წლის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკული სახელმწიფო დეპარტამენტის სტანდარტით, შეფასების სამი დონე – ე.წ სამი კალათა არსებობს და საქართველო ამ შეფასების ფარგლებშია.
როგორც ჟურნალისტებს ხუციშვილმა განუცხადა, საქართველო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებშია.
„დადებით შეფასებას ვგულისხმობ, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები შეიძლება არსებობდეს და მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეფასებულია. ბოლოს, რამდენიმე საქმე გვქონდა, რომელიც პრესაში არ გახმაურდა, თუმცა იგივე ტრეფიკინგთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან წარმატებული საქმე იყო. გარდა ამისა, პროკურატურასთნ ერთად ე.წ ერთობლივი ჯგუფები გვყავს, რომლებიც პრევენციულად მუშაობენ და ყველა რისკ ზონას ამოწმებენ. ამ სფეროში ასევე წარმატებულად არის შეფასებული ჩვენი პოლიციისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლობა. განათლების მიმართულებითაც ბევრი საკითხია და კომპლექსურად ვმუშაობთ. მესმის, რომ შეიძლება გარკვეული რისკები არსებობდეს. ამ ანგარიშში რა რეკომენდაციებიც არის, ამას ვაანალიზებთ და ანგარიშის გარეშეც, ჩვენი შეფასებით ვმუშაობთ. რეალურად, ამ ანგარიშიდან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ძალისხმევა, რასაც ვახორციელებთ, სწორი და ეფექტურია“, – დასძინა ხუციშვილმა.
