აშშ-ირანის კონფლიქტის ესკალაციამ შეშფოთება გამოიწვია ევროპის დედაქალაქებში, სადაც ოფიციალური პირები შიშობენ, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ყურადღება და რესურსები უკრაინაში მიმდინარე ომიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს.
მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ახალ, არაპროგნოზირებად კონფლიქტზე გადაერთო, ევროპაში ხედავენ რისკს, რომ უკრაინა ამერიკული იარაღის გარეშე დარჩება, რომელიც კიევს ყოველდღიური რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად სჭირდება.
„პეტრიოტები“ და PAC-3 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ხერხემალს წარმოადგენენ, უკვე შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, თანაც, შესაძლოა, ისინი აშშ-ს საკუთარი ოპერაციებისთვის კიდევ უფრო მეტად დასჭირდეს. ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ვაშინგტონი, სავარაუდოდ, პრიორიტეტს საკუთარი მარაგების შევსებას მიანიჭებს, რაც ევროპასა და უკრაინას ნაკლებ არჩევანს დაუტოვებს.
ამავდროულად, ევროპას არ აქვს მზა მარაგები ამ დანაკლისის შესავსებად. ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას ცდილობენ, მაგრამ ამ პროცესს წლები სჭირდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ადგილობრივმა ინდუსტრიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების მარაგის შესავსებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მომავალ თვეებში მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას უკრაინის სამშვიდობო პროცესის ბოლომდე მისაყვანად, რასაც ჟენევაში გამართული შეხვედრები და აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებებიც ადასტურებს. თუმცა, ირანის ომით გამოწვეულმა გაურკვევლობამ შეფერხებები უკვე გამოიწვია, კერძოდ – გადაიდო კვიპროსში დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზებზე უნდა ემსჯელათ.
ამის პარალელურად, რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს. უკრაინის მიმართულებით მოსკოვმა ბოლო რამდენიმე დღეში ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ დასავლეთი დაიღლება და ყურადღებას მოადუნებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ-მა მეორე ფრონტი გახსნა.
თუმცა, ზოგიერთი ამაში პოზიტიურ მხარესაც ხედავს – ირანზე აშშ-ის თავდასხმები მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს ასუსტებს და ამყარებს ნარატივს იმის შესახებ, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინა და აშშ ერთ მხარეს არიან.
თუმცა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება: შეუძლია თუ არა ვაშინგტონს ერთდროულად ორი ომის გაძღოლა? ევროპა შიშობს, რომ პასუხი, შესაძლოა, მისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდეს.
