ირანის დაღუპული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ახალ მეთაურად დაინიშნა, შედარებით თავდაჭერილი ფიგურაა, რომელმაც მამის ხაზის – ხისტი მმართველობის – გაგრძელება უნდა უზრუნველყოს. მამის მმართველობის პერიოდში, 56 წლის მოჯთაბას ოფიციალური პოსტი არ ეკავა, თუმცა არსებობდა ვარაუდები, რომ ის კულისებიდან მართავდა ირანის ხელისუფლების ცენტრალურ რგოლებს. მას კონსერვატორებთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, განსაკუთრებით – „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) კავშირის გამო, რომელმაც ახალ ლიდერს ერთგულება უმალ გამოუცხადა. ისლამური რესპუბლიკის რიგით მესამე უზენაესმა ლიდერმა დანიშვნისთანავე ასევე მიიღო მხარდაჭერა პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანისგან, შეიარაღებული ძალებისა და სასამართლო ხელისუფლებისგან.
ოფიციალურ ცერემონიებსა და მედიაში მისი იშვიათი გამოჩენის გამო, ხამენეის რეალური გავლენა წლების განმავლობაში ინტენსიური მსჯელობის საგანი იყო როგორც ირანის მოსახლეობაში, ისე დიპლომატიურ წრეებში. ქვეყნის უმაღლესმა სასულიერო ორგანომ – „ექსპერტთა ასამბლეამ“ – ოფიციალურ ლიდერად მისი დანიშვნა ორშაბათს, შუაღამისას გაკეთებული განცხადებით დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამურმა რევოლუციამ შაჰის მეთაურობით არსებულ მრავალსაუკუნოვან მონარქიას წერტილი დაუსვა, საბჭომ არჩევანი სწორედ მემკვიდრეობით გადასვლაზე შეაჩერა, რასაც თავად ალი ხამენეი 2024 წელს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. მოჯთაბა ხამენეი, რომელიც 1969 წლის 8 სექტემბერს აღმოსავლეთ ირანის წმინდა ქალაქ მაშჰადში დაიბადა, დაღუპული ლიდერის ექვს შვილს შორის ერთადერთია, ვინც საჯარო თანამდებობა დაიკავა.
აიათოლა ალი ხამენეი 86 წლის ასაკში დაიღუპა თეირანზე აშშ-ის და ისრაელის საჰაერო დარტყმების პირველი ტალღის დროს, რამაც 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებას დაუდო საფუძველი.
კავშირები უსაფრთხოების ძალებთან
მოჯთაბა ხამენეი – სასულიერო პირი ჭაღარა წვერითა და „სეიედის“ შავი ჩალმით, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლობაზე მიუთითებს, – XX საუკუნის 80-იანი წლების ირან-ერაყის ომის ვეტერანია. 2019 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა. აშშ-ის განცხადებით, მოჯთაბა ხამენეი თავისი მამის წარმომადგენელია, „მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა არჩეული ან დანიშნული სამთავრობო პოსტზე, თუ მამის ადმინისტრაციაში მუშაობას არ მივიღებთ მხედველობაში“. აშშ-ის ხაზინის მაშინდელი განცხადებით, ალი ხამენეიმ „თავისი ლიდერული პასუხისმგებლობის ნაწილი“ გადააბარა ვაჟს, რომელიც „მჭიდროდ თანამშრომლობდა“ ირანის უსაფრთხოების ძალებთან, „დესტაბილიზაციის მომტანი მამამისის რეგიონული ამბიციებისა და რეპრესიული საშინაო მიზნების მისაღწევად“. ოპონენტები უმცროს ხამენეის იმ ძალადობრივ დარბევებში მონაწილეობაშიც ადანაშაულებენ, რომლებიც 2009 წელს ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახალ არჩევას და ამასთან დაკავშირებულ მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობას მოჰყვა.
სააგენტო „ბლუმბერგის“ გამოძიების თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროებსა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ანგარიშებს ეყრდნობა, მოჯთაბა ხამენეიმ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დააგროვა. გამოძიების მიხედვით, ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხები ოფშორულ ზონებში არსებული ფიქტიური კომპანიების მეშვეობით მიემართებოდა ისეთ ინვესტიციებში, როგორიცაა მდიდრული უძრავი ქონება ბრიტანეთში, სასტუმროები ევროპასა და საკუთრება დუბაიში. რაც შეეხება რელიგიურ ასპექტს, მოჯთაბა ხამენეი თეოლოგიას თეირანის სამხრეთით მდებარე წმინდა ქალაქ ყუმში სწავლობდა, სადაც მოგვიანებით თავადაც ასწავლიდა. მას „ჰოჯათ ალ-ისლამის“ რანგი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა უმაღლეს ლიდერად დანიშვნისას, იგი უკვე „აიათოლას“ სტატუსით წარადგინეს – ეს უფრო მაღალი რანგია, რომელსაც მისი მამა და რევოლუციის ლიდერი, რუჰოლა ხომეინი დანიშვნისას ატარებდნენ.
ირანის ხელისუფლების ცნობით, მოჯთაბა ხამენეის მეუღლე, ზაჰრა ჰადად-ადელი, იმავე დარტყმების დროს დაიღუპა, რომლებმაც ყოფილი უზენაესი ლიდერი იმსხვერპლა. ისრაელმა ახალ უზენაეს ლიდერსა და მის ამრჩევებს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა: „ისრაელის სახელმწიფოს ხელი მიწვდება ნებისმიერ მემკვიდრეს და ყველას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“. „ექსპერტთა ასამბლეა“ 88 წევრისგან შედგება, რომლებსაც რვა წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ამ ორგანომ დღემდე ხელისუფლების გადაბარების მხოლოდ ორ პროცესს გაუწია ზედამხედველობა – მიმდინარე კვირას და 1989 წელს, როდესაც ხომეინის გარდაცვალების შემდეგ ალი ხამენეი აირჩიეს.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
