უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსულ ენერგომატარებლებზე ყველა სანქციის შეჩერება სთხოვა. „როიტერის“ ცნობით, უნგრეთის ლიდერმა ამის შესახებ მან ორშაბათს განაცხადა. ორბანის განმარტებით, ამ ნაბიჯის გადადგმა უნგრეთში ნავთობზე ფასების ზრდის შესაჩერებლად არის აუცილებელი.
შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის ესკალაციის გამო, ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება. ორბანის თქმით, ნავთობის ფასების ზრდა ასევე გამოწვეულია უკრაინის მიერ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდების ბლოკირებით.
იანვრის ბოლოს, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით და უკრაინის გავლით ამ ორი ქვეყნისთვის რუსული ნავთობის მიწოდება შეჩერდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს ნავთობსადენის ამოქმედების გამიზნულად დაბლოკვაში ადანაშაულებენ.
ერთ თვეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ორბანის პარტია „ფიდესი“, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2010 წლიდან იმყოფება, ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
მოსკოვის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები ევროკავშირმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო მიიღო. ორბანის კაბინეტი, რომელიც მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ამ სანქციებს დიდი ხანია აკრიტიკებს.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/orban-pozadal-komisi-o-pozastaveni-sankci-na-ruske-energie-371110
