იტალიის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი იტალიის სახელმწიფოს ხელოვნების ერთ ნიმუშში ოდესმე გადაუხდია.
დაახლოებით 1598 წელს შექმნილ ტილოზე გამოსახულია მონსინიორი მაფეო ბარბერინი – გავლენიანი სასულიერო პირი, რომელიც მოგვიანებით რომის პაპი ურბან VIII გახდა.
ნამუშევარი ფლორენციაში კერძო კოლექციას ეკუთვნოდა და 1963 წელს დადგინდა, რომ მისი ავტორი კარავაჯო იყო. ფართო საზოგადოებისთვის ის პირველად 2024 წელს, რომში, ბარბერინის სასახლეში გამოიფინა, ამიერიდან კი მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილი გახდება.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ კარავაჯოს არაჩვეულებრივი შედევრი შევიძინეთ“, – ნათქვამია იტალიის კულტურის მინისტრის, ალესანდრო ჯულის განცხადებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შენაძენი იტალიის კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებისა და მნიშვნელოვანი ნამუშევრების კერძო კოლექციებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით გაწეული ფართო ძალისხმევის ნაწილია.
ეს ინიციატივა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ერთი თვის წინ იტალიის კულტურის სამინისტრომ ანტონელო და მესინას ნამუშევარი Ecce Homo („აჰა, კაცი“) შეიძინა, რომლის საჯარო გაყიდვაც ნიუ იორკის აუქციონზე იგეგმებოდა.
კარავაჯო, რომლის ნამდვილი სახელია მიქელანჯელო მერიზი, კიაროსკუროს (სინათლისა და ჩრდილების კონტრასტის) ტექნიკის ოსტატი იყო, რისი მეშვეობითაც თავის პორტრეტებს ახალ სიცოცხლეს სძენდა. ის 1610 წელს, მღელვარე ცხოვრების შემდეგ, თითქმის 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომავალი რომის პაპის, ურბან VIII-ის ნახატი კარავაჯოს იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორისაა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, რადგან ბევრი სხვა ნამუშევარი დაიკარგა ან განადგურდა. კარავაჯოს მხოლოდ 60-მდე ნახატია ცნობილი, რომელთა უმეტესობას საფუძვლად რელიგიური სიუჟეტი უდევს.
ბარბერინის პორტრეტზე გამოსახულია სასულიერო პირი, რომელიც მარჯვენა ხელის დახვეწილი ჟესტით, სავარაუდოდ, მითითებებს იძლევა.
იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ახალ შესყიდვებს გეგმავს, რათა „ხელოვნების შედევრები, რომლებიც შეიძლება კერძო ბაზარზე მოხვდეს“, საზოგადოების ფართო ფენებისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
https://www.rtp.pt/404/index.php
