პირველადი მოხმარების პროდუქტების ბულგარელი მწარმოებლები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ თუ საწვავის ფასები არ დასტაბილურდება, მათი პროდუქცია დაახლოებთ 20 პროცენტით გაძვირდება. ამავდროულად, გადამზიდავი კომპანიები მინისტრთა კაბინეტთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვენ, რათა ერთად განსაზღვრონ დარგის გადასარჩენად აუცილებელი დახმარების ზომები.
პურისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებლებმა ქალაქ პლოვდივში მომხმარებელი უკვე გააფრთხილეს, რომ ფასების ზრდას უნდა ელოდონ.
დიმიტარ იოლტოვი, მცხობელი: „სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე უკვე მივიღეთ წერილი, რომ მომსახურების ფასების 20-პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი“.
ასევე მკვეთრად გაიზარდა თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოწოდებული თხილეულის ფასი.
დიმიტარ იოლტოვი: „ადრე ქიშმიშს ოთხ ევროდ ვყიდულობდით, ახლა კი 4 ევრო და 30 ცენტი ღირს. შარშან თურქეთიდან ფისტა 12 ევროდ და 50 ცენტად შევიძინეთ, ახლა კი ერთ კილოგრამში 20 ევროს ითხოვენ.“
სატვირთო გადაზიდვის ინდუსტრიამ უკვე განაცხადა, რომ საწვავის გაძვირების გამო, თვის დასაწყისიდან მათი ხარჯები 35 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
ზოგიერთი სატრანსპორტო კომპანია უკვე უარს ამბობს საერთაშორისო რეისების შესრულებაზე. სხვებმა ლიცენზიების მოქმედებაც კი შეიჩერეს. სატრანსპორტო ინდუსტრიამ ევროკომისიას და დროებით მთავრობას ბიზნესის დასახმარებლად გადაუდებელი ზომების მიღების თხოვნით უკვე მიმართა.
იორდან არაბაჯიევი : „ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში მთავრობასთან გავმართავთ მოლაპარაკებებს. გვინდა ვიპოვოთ მექანიზმი, რომლითაც გამოინახება ზარალის ანაზღაურების გზები მათთვის, ვინც წინა ხაზზეა, მათ შორის – სატრანსპორტო ბიზნესისთვის“.
აღდგომის მოახლოებასთან ერთად, მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდგომში „ფასების სპეკულაციური ზრდაა მოსალოდნელი“.
https://bntnews.bg/news/zaradi-po-visokite-ceni-na-gorivata-targovci-ochakvat-20-poskapvane-na-stokite-1383813news.html
