28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის შემდეგ, ირანში არსებული მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის 29 ძეგლიდან 4 უკვე დაზიანდა. ამ ინფორმაციას გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ავრცელებს. იუნესკო საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ჰააგის 1954 წლის კონვენციის თანახმად, გამორჩეული ფასეულობის მქონე ძეგლების დაცვა საომარი მოქმედებების დროსაც სავალდებულოა.
ახლო აღმოსავლეთში რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული ავიაიერიშების კასკადის ფონზე, იუნესკო შეშფოთებას გამოხატავს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის მიყენებული ზიანის გამო. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ირანში არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის 29 ძეგლიდან ოთხი დაზიანდა. თავის მხრივ, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი ირანის მასშტაბით, სულ მცირე, 56 მუზეუმსა და ისტორიულ ძეგლს მიადგა ზიანი.
გოლესტანის სასახლე, რომელსაც „ირანულ ვერსალს“ უწოდებენ და თეირანის ისტორიული ცენტრის მარგალიტს წარმოადგენს, ომის პირველ დღეებში მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ისრაელ-ამერიკული დარტყმების შედეგად დაზიანდა. ტრადიციული სპარსული და ევროპული არქიტექტურის ეს ძეგლი XVI საუკუნით თარიღდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრესის სააგენტომ პლატფორმა X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) საკუთარ ანგარიშზე ჩამსხვრეული ფანჯრების, დაზიანებული კარებისა და მიმოფანტული ვიტრაჟის ფრაგმენტების ფოტოები გამოაქვეყნა. მოგვიანებით, ეს ფოტოები ფართოდ აიტაცა სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ, ისრაელის Haaretz-ით დაწყებული და ამერიკული Washington Post-ითა და ფრანგული Radio France-ით დამთავრებული.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ვალდებულება
„გაერო-ს პროგრამა Unosat-ი კოსმოსიდან მიღებული ფოტოებისა და მონაცემების გაანალიზების საშუალებას იძლევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სურათებზე წვდომის საკითხში გარკვეული სირთულეები გვაქვს, – ამბობს იუნესკოს კულტურისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის დირექტორი, კრისტა პიკატი, რომელიც, კომენტარის დროს, ძირითადად, თეირანში არსებული თავისი ოფისისა და გაერო-ს სტრუქტურების ანგარიშებს ეყრდნობა, – ერთადერთი ობიექტი ამ ეტაპზე, სადაც ზიანის შემოწმება შევძელით, არის გოლესტანის სასახლე: ჩვენ ვნახეთ, რომ ბუფერულ ზონაში მდებარე ეს შენობა სერიოზულად არის დაზიანებული. ვვარაუდობთ, რომ დარტყმით ტალღებს შეეძლო სასახლის შიდა ნაწილზეც მოეხდინა გავლენა. იგივეს თქმა შეიძლება თეირანის დიდ ბაზართან მდებარე შენობებზეც“.
იუნესკო ხაზს უსვამს, რომ ასეთი გამორჩეული ფასეულობის მქონე ძეგლების შენარჩუნება ჰააგის 1954 წლის კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს. „ჩვენ დაინტერესებულ მხარეებს – ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს – დავუკავშირდით და ამ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გეოგრაფიული კოორდინატები მივაწოდეთ“, – აცხადებს კრისტა პიკატი. კითხვაზე, გრძნობს თუ არა, რომ მისი ხმა და აზრი მნიშვნელოვანია?. ის პასუხობს: „იმედი მაქვს, ასეა“.
იუნესკო ისრაელში თელ-ავივის „თეთრი ქალაქისა“ და ლიბანში ტიროსის არქეოლოგიური ძეგლის დაზიანების შესახებაც აკეთებს განცხადებას. კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის 125 ძეგლი მდებარეობს.
https://www.franceinfo.fr/monde/conflit-israel-iran/guerre-au-moyen-orient-l-unesco-alerte-sur-les-dommages-causes-sur-le-patrimoine-culturel-de-l-iran_7873295.html
