ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების დაწყებისა და კონფლიქტის მთელ რეგიონში გაფართოების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
„სქაინიუსის“ ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ავიაიერიშებს სულ 13 ქვეყნის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. გამოცემის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი ყველაზე მაღალი ირანშია.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად ირანში დაახლოებით 3 186 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 394 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან, სულ მცირე, 210 ბავშვი იყო.
ლიბანის ხელისუფლების ცნობით, 2 მარტიდან ისრაელის თავდასხმების შედეგად დაახლოებით 1 021 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მათგან 100-ზე მეტი ბავშვი იყო. ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა შიიტური სახალხო მობილიზაციის ძალების წევრი იყო. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, 15 მშვიდობიანი მოქალაქე და ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი პალესტინელი ქალი დაიღუპა. კონფლიქტს ასევე ემსხვერპლა 13 ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდნენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის თავდასხმების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ჯარისკაცი; ქუვეითის ხელისუფლების ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ირანის თავდასხმების შედეგად; სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, SANA-ს ცნობით, ირანის რაკეტას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა; ომანში თავდასხმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. საუდის არაბეთში ორი ადამიანი დაიღუპა, როდესაც ჭურვი დედაქალაქ ერ-რიადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ალ-ხარჯში საცხოვრებელ სახლს დაეცა.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის მიერ განხორციელებული ორი ცალკეული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა; ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა.
