პარიზის მერის არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ემანუელ გრეგუარმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გრეგუარმა ხმების დაახლოებით 51% მიიღო. მან კონსერვატორი, ყოფილი მინისტრი რაშიდა დატი და რადიკალური მემარცხენე კანდიდატი სოფია ჩიკორუ დაამარცხა და თავისი თანაპარტიელი ანე იდალგო მერის პოსტზე ჩაანაცვლა.
„პარიზმა გადაწყვიტა, საკუთარი ისტორიის ერთგული დარჩეს“, – განაცხადა პარიზის ახლად არჩეულმა მერმა და მხარდამჭერებს მიმართა.
ამასთან, ემანუელ გრეგუარის თქმით, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მემარჯვენეებსა და ულტრამემარჯვენეებს წინააღმდეგობას გაუწევს.
„პარიზი იქნება წინააღმდეგობის გული მემარჯვენეების ალიანსის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგვართვას ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია: ერთად ცხოვრების სიხარული“, – აღნიშნა გრეგუარმა.
ცნობისთვის, პარიზის მერის არჩევნების პირველი ტური 15 მარტს გაიმართა.
