„როიტერის“ ცნობით, დრონებით თავდასხმების შემდეგ, რის გამოც რუსეთის უსტ-ლუგისა და პრიმორსკის ტერმინალებზე ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა შეჩერდა, ფინეთის ყურეში ჩრდილოვანი ფლოტის ათობით ტანკერმა ჩაუშვა ღუზა.
ბალტიის ზღვის რუსულ პორტებზე დრონებით განხორციელებული ბოლოდროინდელი თავდასხმები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმაა, რომელიც რუსეთის ნავთობის საექსპორტო ობიექტებზე ოთხწლიანი ომის განმავლობაში მომხდარა.
„ტელეგრამ-არხზე“ გამოქვეყნებული გადაუმოწმებელი ვიდეოების თანახმად, ოთხშაბათს ცაში კვამლის უზარმაზარი, შავი ღრუბელი წარმოიქმნა. გაზეთ „ჰელსინკინ სანომატის“ ცნობით, კვამლი ათობით კილომეტრის დაშორებით, ფინეთის ყურის მეორე მხარესაც კი ჩანდა.
რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად, ოთხშაბათს დილით, უსტ-ლუგაში ხანძარი გაჩნდა. ბოლო დღეებში სამიზნედ იქცა მის მახლობლად მდებარე პრიმორსკიც.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უსტ-ლუგაზე თავდასხმამ დააზიანა ნავთობის ჩასატვირთი აღჭურვილობა, ასევე ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის განცხადებით, დარტყმა მიაყენეს ვიბორგის გემთმშენებელ ქარხანაში მყოფ რუსულ ყინულმჭრელსაც.
„როიტერის“ ინფორმაციით, კვირას დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ფინეთის ყურის სანაპიროზე მდებარე უსტ-ლუგა და პრიმორსკი იძულებულნი გახდნენ, ნავთობის ექსპორტი შეეჩერებინათ, თუმცა ორშაბათს ჩატვირთვის ოპერაციების განახლებას შეეცადნენ.
პრიმორსკი, რომლის საექსპორტო სიმძლავრე დღეში 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს აღემატება, „ურალსის“ მარკის რუსული ნედლი ნავთობისა და მაღალი ხარისხის დიზელის საწვავის ექსპორტის მთავარი მარშრუტია. წყაროების ცნობით, გასულ წელს უსტ-ლუგამ 32.9 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის, ხოლო პრიმორსკიმ 16.8 მილიონი ტონის ექსპორტი განახორციელა.
წყარომ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ოთხშაბათს „როიტერს“ განუცხადა, რომ უსტ-ლუგის ტერმინალი დახურულია და შესანახ რეზერვუარებს ცეცხლი უკიდია.
გემების გადაადგილების ამსახველი პორტალის, MarineTraffic-ის მიხედვით, ფინეთის ყურეში გაჩერდა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20-ზე მეტი ტანკერი, რომლებიც პრიმორსკის ან უსტ-ლუგის მიმართულებით მიცურავდნენ.
ფინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, პრიმორსკის ხანძრის კვამლმა, შესაძლოა, აღმოსავლეთ ფინეთს მიაღწიოს, რადგან ქარმა, რომელიც დასავლეთიდან ქროდა, მიმართულება სამხრეთისკენ შეიცვალა.
მორიგე მეტეოროლოგის, ნინა კარუსტოს თქმით, კვამლის გავრცელების ზუსტი ტრაექტორიის პროგნოზირება რთულია, რადგან უცნობია, თუ რა სიმაღლეზე აიწევს კვამლი ატმოსფეროში.
ფინელი სინოპტიკოსები გადაჭრით ვერ ამბობენ, 25 მარტის დილის მდგომარეობით, რა ვითარება იყო პრიმორსკში ხანძრის ადგილზე, თუმცა, ჯერ კიდევ სამშაბათს, მოწმენდილი ცის გამო, თანამგზავრულ სურათებზე ხანძარი ნათლად ჩანდა.
ოთხშაბათს გამთენიისას დრონი ესტონეთში, აუვერეს ელექტროსადგურის საკვამლე მილს დაეჯახა. ეს შემთხვევა, სავარაუდოდ, რუსულ პორტებზე თავდასხმებს უკავშირდება, რადგან უსტ-ლუგა აუვერეს სადგურიდან მხოლოდ 50-მდე კილომეტრში მდებარეობს.

