გამომძიებელი-ჟურნალისტი, საბოლჩ პანი უნგრეთის მთავრობამ უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ოფიციალური ბუდაპეშტის განცხადებით, მან სენსიტიური ინფორმაცია, სავარაუდოდ, უცხოელებს გადასცა. ჟურნალისტი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის უნგრელ მაღალჩინოსნებსა და რუსეთს შორის არსებულ კონტაქტებს იძიებდა.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა ბრალდებების შესახებ 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გამომძიებელ-ჟურნალისტ საბოლჩ პანის უცხო მხარისთვის სენსიტიური ინფორმაციის გადაცემაში ედება ბრალი. გერგელი გულიაშის თქმით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დეტალებიც კი საკმარისია იმისათვის, რომ საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცეს, ამიტომ იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის საჩივარი უკვე შეიტანა.
საბოლჩ პანი ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ მხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და რუსულ მხარეს შორის არსებული კონტაქტების ჟურნალისტური გამოძიებით იყო დაკავებული.
„ასეთი ბრალდებები უფრო პუტინის რუსეთისთვის, ბელარუსისა და მსგავსი რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“, – დაწერა სოციალურ ქსელში პანიმ.
ეს განცხადებები დროში ემთხვევა გავრცელებულ ხმებს ბუდაპეშტის მიერ მოსკოვისთვის ევროკავშირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გადაცემის, ასევე პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის კონტაქტების შესახებ.
ოფიციალურმა პირებმა ბრიფინგზე სხვა „უკრაინელი ჯაშუშების“ – ოპოზიციურ პარტია Tisza-სთან დაკავშირებული IT-ის ორი სპეციალისტის – სავარაუდო გამოვლენის შესახებაც განაცხადეს. უნგრეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარგარეთ გაიარეს ტრენინგი, კონტაქტი ჰქონდათ უკრაინის საელჩოსთან და სათვალთვალო აღჭურვილობის მოპოვებას ცდილობდნენ.
ჟურნალისტისა და ოპოზიციის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის, Fidesz-ის რეიტინგის ვარდნის ფონზე გაჟღერდა. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 12 აპრილს არის ჩანიშნული.
https://suspilne.media/1274354-ugorskij-urad-zvinuvativ-zurnalista-rozsliduvaca-u-spigunstvi-na-korist-ukraini/
