2017 წლის ნოემბერში ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სურდა გაეგო, უპოვა თუ არა ასისტენტმა მას ევროპაში ახალგაზრდა ქალები. “ამ მოგზაურობაში ახალი არავინაა?“ – იკითხა მან ელექტრონულ ფოსტაში.
„ახალი, რომელიც მომწონს, პარიზშია“, – უპასუხა ჯულია სანტოსმა – „დღეს საღამოს ისევ უნდა დავუკავშირდეთ Skype-ით… ის ჩემი ახალი ფავორიტია“.
სინამდვილეში, სახელი “„ჯულია სანტოსი“ ეპშტეინის ასისტენტის ფსევდონიმია, რაც, როგორც ჩანს, 90-იანი წლების სერიალის – „ყველა ჩემი შვილი“ – ერთ-ერთ პერსონაჟის სახელისგან არის აღებული. ის, ვინც ამ ფსევდონიმის უკან წლების განმავლობაში იმალებოდა, ყოფილი რუსი მოდელი – 42 წლის სვეტლანა პოჟიდაევაა. ის იმ ქალების ჯგუფში შედიოდა, რომელიც სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიაში მხილებული ფინანსისტისთვის პოტენციურ მსხვერპლებს არჩევდა.
პოჟიდაევა აღიარებს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ეპშტეინთან, 2019 წელს მის გარდაცვალებამდე. OCCRP-თან ვრცელ ინტერვიუში გამოეხმაურა მისი ოჯახის კავშირეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან.
ინტერვიუში პოჟიდაევა თავს არა ეპშტეინის თანამზრახველად, არამედ მის ერთ-ერთ მსხვერპლად წარმოაჩენს. ამბობს, რომ ფინანსისტი მას აშინებდა, მასზე დომინირებდა და მანიპულირებდა, რამაც ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეუქმნა – „მე ვებრძოდი უძილობას, კვებით აშლილობებს“, – თქვა მან.
„არ უარვყოფ, რომ ქალებს ვასაქმებდი… ეს ყველაზე უხერხული, სამარცხვინო და ყველაზე სამწუხარო რამაა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა“, – ამბობს ყოფილი რუსი მოდელი.
პოჟიდაევა თავს მსხვერპლად წარმოაჩენს, თუმცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის არქივიც აჩვენებს, რომ ეპშტეინთან მისი ურთიერთობა მკვეთრად განსხვავდებოდა მრავალი სხვა ქალის წარსულისგან, რომლებიც ფინანსისტის სექსუალური ტრეფიკინგის ქსელში მოხვდნენ. ელფოსტები აჩვენებს, რომ კარგად განათლებულ პოჟიდაევას ძვირფას აქტივად მიიჩნევენ: ქალი აორგანიზებდა ეპშტეინის გამოსვლებს ისეთ ელიტურ ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და დავოსი, ტრიალებდა გავლენიანი ადამიანების გარემოცვაში და ფინანსისტი თვეში 8,333 დოლარს უხდიდა.
რამდენიმე გამოცემის რეპორტიორმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პოჟიდაევას მამა, იური პოჟიდაევი, რუსეთის სამხედრო ძალების პენსიაზე გასული დაზვერვის ოფიცერია: 2015 წლის დეკემბერში გაგზავნილ ერთ-ერთ ელფოსტაში პოჟიდაევამ ეპშტეინს მისწერა, რომ შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას მამამისმა მის შეყვარებულს „ფსბ-თან მუშაობის“ ისტორიები მოუყვა. OCCRP-თან ინტერვიუში პოჟიდაევამ კატეგორიულად უარყო მამამისის კავშირები FSB-სთან და თქვა, რომ მისი მიმოწერაში მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ მამამისი მის შეყვარებულზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა.
მიუხედავად ამისა, იური პოჟიდაევის ბოლო სამსახურიც – როგორც სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების უსაფრთხოების სპეციალისტის – ასევე მიუთითებს დაზვერვის კარიერაზე. მედიაში გაჟონილი მონაცემთა ბაზის თანახმად, მას კომუნიკაცია ჰქონდა FSB-ს საპენსიო ოფისთან.
ელფოსტები აჩვენებს, რომ პოჟიდაევას დედ-მამა ეპშტეინს პალმ-ბიჩის სასახლეშიც ესტუმრა. ვიზიტამდე უმცროსმა პოჟიდაევამ ეპშტეინის ოფშორული „პეპელას ტრასტიდან“ 237 000 დოლარზე მეტი მიიღო საბანკო ანგარიშზე. ტრანზაქცია მონიშნული იყო – „ოჯახისთვის“.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეპშტეინმა პოჟიდაევას მამასთან რაიმე მგრძნობიარე საკითხი განიხილა, თუმცა, ეპშტეინის ფაილები აჩვენებს, რომ ფინანსისტი რუს მაღალჩინოსნებთან აქტიურ ურთიერთობებს ამყარებდა.
მაგალითად, ვიტალი ჩურკინი, რუსეთის ყოფილი ელჩი გაეროში, ფინანსისტის მანჰეტენის სახლის ხშირი სტუმარი იყო. ფაილები ასევე აჩვენებს, რომ ეპშტეინმა ელჩი იმ პერიოდში მიიღო, როდესაც ჩურკინი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებს ხელმძღვანელობდა და მის შვილს, მაქსიმს ეხმარებოდა უოლ-სტრიტზე სამსახურის პოვნაში.
ამავე პერიოდში, ეპშტეინი დაახლოვდა სერგეი ბელიაკოვთან – რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილ მოადგილესთან და FSB აკადემიის კურსდამთავრებულთან. ბელიაკოვი ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს და ეპშტეინის თხოვნით დაწერა რეკომენდაციის წერილი პოჟიდაევას აშშ-ის ვიზის განახლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ მან ფორუმის დღის წესრიგის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.
პოჟიდაევამ OCCRP-ს განუცხადა, რომ ის მართლაც ესწრებოდა ფორუმს, მაგრამ მის ორგანიზებაში არანაირი როლი არ მიუღია.
ეპშტეინის გარდაცვალების შემდეგ, პოჟიდაევამ თქვა, რომ მან რამდენჯერმე ისაუბრა მედიასთან ანონიმურობის პირობით. მაგრამ როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ე.წ. ეპშტეინის ფაილების 3.5 მილიონი დოკუმენტი, მისი ვინაობაც საჯარო გახდა. ამან აიძულა ის Wall Street Journal-თან ბოლო ინტერვიუში საჯაროდ გამოჩენილიყო, რათა მის შესახებ შექმნილ ნარატივზე განმარტება გაეკეთებინა.
მან მამამისის კარიერული წინსვლა სპარსული ენის ცოდნას მიაწერა და თქვა, რომ მამამისი მხოლოდ რეგულარულ სამხედრო პენსიას იღებდა.
ეპშტეინთან ცხოვრებაზე საუბრისას, პოჟიდაევამ განმარტა, რომ იგი მოხიბლული იყო მასთან შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ 2007 წლის ბოლოს, როდესაც დაიქირავა ფინანსისტის სამოდელო სააგენტომ და რამდენიმე წლის შემდეგ მისი ასისტენტი გახდა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ის დარჩა მის ახლა უკვე კუნძულზე, შეხვდა უცხოელ ლიდერებს პარიზის სახლში და მოინახულა სასახლე მაროკოში. თუმცა, პოჟიდაევამ ასევე თქვა, რომ ეპშტეინი მას ავიწროებდა, აიძულებდა წონაში დაკლებას და იმდენად მანიპულირებდა მასზე, რომ მშობლებსაც კი ატყუებდა.
„მათ ეგონათ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდა, რომ საუკეთესო ცხოვრება მქონდა“, – თქვა მან. „მე ვუგზავნიდი მათ სურათებს ბილ გეითსთან დატერე როდ-ლარსენთან [ყოფილ ნორვეგიელ დიპლომატთან] და სხვა ცნობილ ადამიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ვეუბნებოდი, რომ ყველა ამ ადამიანთან ერთად ვიმყოფებოდი შეხვედრებზე. თუმცა, სინამდვილეში შეხვედრებზე არ ვყოფილვარ. დახურულ კარს მიღმა ველოდებოდი და შეხვედრის დასრულების შემდეგ თეფშებს ვიღებდი“.
„მან მითხრა, რომ ნამდვილ ბიზნესს მასწავლიდა“, – თქვა პოჟიდაევამ ეპშტეინზე. „და როგორც კი ვკითხე: დავიწყო ინგლისური ენის კომუნიკაციის კურსებზე სიარული, ან იქნებ აქცენტის შემცირების კურსებზე სიარული სჯობს, პროფესიული განვითარებისთვის? მან მიპასუხა, კარგი, მასაჟის სწავლა უნდა დაიწყო. და ეს იყო ერთადერთი კურსი, რომელსაც ის დამიფინანსებდა“.
დღეს პოჟიდაევა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მუშაობს ფინანსებში და ახალი ცხოვრება ახალი სახელით დაიწყო. OCCRP მისი თხოვნით არ აქვეყნებს ამჟამინდელ სახელს და ადგილსამყოფელს. მან თქვა, რომ ბევრ გადარჩენილთან აქვს კონტაქტი და მუშაობს რესურსების შექმნაზე ეპშტეინის სხვა მსხვერპლებისთვის.
ელიტური საბჭოთა ოჯახი
საბჭოთა ეპოქაში პოჟიდაევას ოჯახი პრივილეგირებულ ელიტას მიეკუთვნებოდა. მისი დედის მხრიდან ბაბუა, მარსელ პლატონოვი, სამხედრო ქირურგი და გინეკოლოგი იყო, რომელიც მონაწილეობდა ცნობილ საბჭოთა ოპერაციაში, რომელმაც 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისი გამოიწვია.
პოჟიდაევას მშობლებმა, იურიმ და ირინამ, დაამთავრეს მოსკოვის უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტი, რომლის კურსდამთავრებულები ხშირად მსახურობდნენ სამხედრო ატაშეებად, ან კგბ-ს პირველ მთავარ დირექტორატში, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო დაზვერვაზე.
მისი მამა სპარსული ენის სამხედრო თარჯიმნად იყო გაწვრთნილი. 1978 წელს, ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის წინა დღეს, ის ქვეყანაში გაგზავნეს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში. საბჭოთა ჯარში მისი კარიერის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. პოჟიდაევმა შეიარაღებული ძალები 1990-იანი წლების ბოლოს დატოვა და რამდენიმე წელი ყავისა და ღვინის გაყიდვაში გაატარა. თუმცა, 2017 წლის დეკემბერში, პენსიაზე გასულმა პოდპოლკოვნიკმა მუშაობა დაიწყო „როსტეკის“ შვილობილ კომპანიაში, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვანი კომპანიაა. სამუშაოს ხშირად თეირანში მიჰყავდა, სადაც კომპანია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დამონტაჟებაში იყო ჩართული.
მომდევნო წელს პოჟიდაევი დაინიშნა „რუსეთის რკინიგზის“ ირანის განყოფილების უსაფრთხოების უფროსის მოადგილედ, რომელიც რეგიონში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობაზე მუშაობდა. 2020 წელს პოჟიდაევი პარალელურად გახდა „კასპიის სერვისების“ გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც იმავე პროექტზე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მთავარი კონტრაქტორია.
OCCRP-მ პოჟიდაევის ბიოგრაფია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე ექსპერტს გააცნო, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ასეთი თანამდებობები, როგორც წესი, ფორმალურად პენსიაზე გასული უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებისთვისაა განკუთვნილი. ასეთი ოფიცრების დანიშვნის ბრძანებებს ხელს აწერს FSB-ის დირექტორი.
„ის პოსტსაბჭოთა FSB-ს სრული მოდელის ნაწილია, სადაც ისინი მონაცვლეობით მუშაობენ კერძო სექტორსა და საზღვარგარეთ სახელმწიფო პროექტების მომსახურებას შორის, სადაც მათი ენობრივი უნარები და გარემოს ცოდნა ეხმარება რუსეთის სახელმწიფოს და მის ინტერესებს“, – თქვა ლუიზ შელიმ, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა და საბჭოთა რუსეთის საქმეების დიდი ხნის ექსპერტმა.
იური პოჟიდაევის დასაქმების ისტორიისა და მისი ქალიშვილის მიერ FSB-ში მისი წარსულის შესახებ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი მითითების გარდა, რუსული გამოცემა Explainer-ის რეპორტიორებმა სააგენტოსთან კიდევ ერთი კავშირი აღმოაჩინეს. მათი ცნობით, გაჟონილი მონაცემთა ბაზის თანახმად, მან 2022 წელს FSB-ის დირექტორატის მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის საპენსიო დეპარტამენტს რამდენიმე კორესპონდენცია გაუგზავნა.
ამის შესახებ კითხვაზე პოჟიდაევამ უპასუხა, რომ მამამისს საპენსიო შეღავათების მისაღებად საპენსიო ორგანოებთან კომუნიკაცია უწევდა, თუმცა მან არ ახსნა, თუ რატომ წერდა ის FSB-ის ოფისს და არა თავდაცვის სამინისტროს.
პოჟიდაევას პირადმა წარსულმა რუსული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ფაილებში ნაპოვნი მისი რეზიუმე აჩვენებს, რომ მან ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მიიღო მოსკოვის სახელმწიფო საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტში, რომელიც მიიჩნევა დიპლომატიისა და დაზვერვის სფეროში კარიერის ელიტურ პლაცდარმად. მან რამდენიმე უცხო ენა შეისწავლა და სტაჟირება გაიარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნავთობის გიგანტ Lukoil-სა და რუსულ საინვესტიციო ფირმებში.
ამ პრივილეგირებული წარმომავლობის მიუხედავად, OCCRP-თან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში თავს დაუცველად გრძნობდა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო, უფრო მდიდარ თანაკლასელებთან შედარებით, რომ გაიზარდა შენობაში ლიფტის გარეშე და რომ კოლეჯში სწავლის დროს არასდროს ჰყოლია მანქანა.
20 წლის ასაკში პოჟიდაევამ კარიერა პოდიუმზე სცადა. ის ეპშტეინს პარიზში გააცნო სამოდელო სააგენტო MC2 Model Management-მა, რომელსაც თავად ეპშტეინი აფინანსებდა.
შემდეგ პოჟიდაევას ვიზა პირდაპირ ეპშტეინის ფონდმა დააფინანსა. პოჟიდაევას ადვოკატმა, აღნიშნა, რომ ეპშტეინი რეგულარულად იზიდავდა უცხოელ მოდელებს, რომლებსაც აშშ-ში დარჩენა სურდათ. თუმცა, პოჟიდაევას ისტორიას ართულებს ეპშტეინის საქმეებში არსებული უამრავი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ის აქტიურად იზიდავდა ახალგაზრდა ქალებს ფინანსისტისთვის.
ელექტრონული წერილებიდან ჩანს, რომ ის ეხმარებოდა უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მყოფ ქალებს პასპორტების ან შენგენის ვიზების მიღებაში. „ეს არის კიევის საკონტაქტო პირი, რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელია და შესაძლოა, ცელქიც იყოს“, – წერდა ის ერთ-ერთ ელფოსტაში პოტენციური კანდიდატის შესახებ.
სხვა ელფოსტაში ჩანს, თუ როგორ უგზავნის ის კანდიდატის შიშველ ფოტოს ეპშტეინს. სხვა ელფოსტებში ის პოტენციურ კანდიდატებს აკრიტიკებს: „ცუდი კანი, უზარმაზარი მკერდი, ამბობდა, რომ 24 წლის იყო“, – წერდა ის ერთ ახალგაზრდა ქალზე.
მანჰეტენის ციხის საკანში ეპშტეინის გარდაცვალებიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგ, პოჟიდაევამ თქვა, რომ წარსული კვლავ აწუხებს.
„ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცოცხალია, იცით, ჯერ კიდევ კოშმარები მესიზმრება“, – თქვა მან.
პოჟიდაევა ეჭქვეშ აყენებს ფინანსისტის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას და არ არის დარწმუნებული, რომ ეფშტეინმა თავი ჩამოიხრჩო.
„ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ისეთი მამაცი ყოფილიყო, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა“, – თქვა პოჟიდაევამ.
