ანტვერპენის ეპისკოპოს ბონის სურს, დაქორწინებული მამაკაცების კათოლიკე მღვდლებად კურთხევა ნებადართული გახდეს. არგუმენტად ის ახალგაზრდა მღვდლების ნაკლებობას ასახელებს. მისმა ინიციატივამ გაამძაფრა დებატები სავალდებულო ცელიბატის შესახებ. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ბავარიელი ეპისკოპოსები?
ბელგიელი ეპისკოპოსის თაოსნობამ კათოლიკური ეკლესიის შიგნით მღელვარება გამოიწვია: მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნებულ პასტორალურ წერილში ანტვერპენის მთავარმა პასტორმა, იოჰან ბონიმ გამოაცხადა, რომ დაქორწინებულ მამაკაცებს, 2028 წლის შემდეგ, მღვდლად აკურთხებს.
ახლახან ბონიმ „ბავარიის რადიოს“ (BR- Bayerischer Rundfunk) მისცა ინტერვიუ, რომელშიც მან საკუთარი წამოწყება, სხვა საკითხებთან ერთად, თავის ეპარქიაში „მღვდლების აშკარა დეფიციტით“ ახსნა. „წარსულში ანტვერპენის ეპარქიას 1 500 აქტიური მღვდელი ჰყავდა, ახლა კი ასზე ნაკლები გვყავს. მათი ნახევარი საზღვარგარეთიდან, კერძოდ კი აფრიკიდან, აზიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული მღვდელია“, – აღნიშნა მან.
დაქორწინებული მღვდლები კათოლიკურ ეკლესიაში მსახურებისთვის ცელიბატის (სექსისგან და დაქორწინებისგან თავის შეკავების ვალდებულება) გამო არ დაიშვებიან. თუმცა, არსებობს გამონაკლისები, რომელიც ვრცელდება, მაგალითად, აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიებიდან მოსულ მღვდლებზე, ან სხვა კონფესიებიდან კათოლიკურ ეკლესიაში გადმოსულ სასულიერო პირებზე. ამ შემთხვევებში, კათოლიკური კანონიკური სამართლის მიხედვით, ცელიბატი არ მოქმედებს.
ბონი: ვატიკანი “ზედმეტად ინტელექტუალურია“ საიმისოდ, რომ ცელიბატზე უარი თქვას
ბონი სწორედ ამ გამონაკლისების იმედზეა. ის ამჟამად ბელგიის ეპისკოპოსთა კონფერენციასა და ვატიკანს ეკონტაქტება. „თუ პაპისგან უარს მივიღებ, მე აკრძალვის წინააღმდეგ არ წავალ, რადგან კათოლიკე ეპისკოპოსი ვარ“ – აცხადებს ბონი. მაგრამ ის აპირებს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ პასუხი დადებითი იყოს.
ბონი დარწმუნებულია, რომ ვატიკანი „ზედმეტად ინტელექტუალურია“: „მათ იციან სიტუაცია, რომელშიც ვცხოვრობთ“. ანტვერპენის ეპისკოპოსი, რომელიც საკუთარ თავს სულაც არ მიიჩნევს „პროგრესულად“, გლობალურ სინოდალურ პროცესზეც აპელირებს. 2024 წლის მსოფლიო სინოდის დასკვნით დოკუმენტში სასულიერო პირები და ერისკაცები ადგილობრივ ეკლესიებში სინოდალურ მმართველობასა და მანევრირების სივრცეზე შეთანხმდნენ. განხილვა ახლაც მიმდინარეობს და ეს თემა 2028 წელს კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმზე გახდება მსჯელობის საგანი.
რას ამბობენ ბავარიელი ეპისკოპოსები ბონის ინიციატივაზე?
თავისი ინიციატივით ბონიმ კიდევ ერთხელ განაახლა ფუნდამენტური დისკუსია სავალდებულო ცელიბატის შესახებ და აქტუალური გახადა კითხვები: შესაძლებელია თუ არა, რომ მალე ევროპაში დაქორწინებული მამაკაცები მღვდლებად აკურთხონ? გაუქმდება თუ არა სავალდებულო ცელიბატი?
ბონის ინიციატივაზე ვატიკანისგან, ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე ბავარიის ეპარქიებში? „ბავარიის რადიოს“ თხოვნას მხოლოდ რამდენიმე ეპარქია გამოეხმაურა. ბამბერგის არქიეპარქია მიიჩნევს, რომ მორწმუნე დაქორწინებული მამაკაცების ხელდასხმა შეიძლება იყოს „გონივრული გზა მღვდლების რაოდენობის გაზრდის ხელშესაწყობად“, მაგრამ ეს „მსოფლიო ეკლესიის დონეზე უნდა გადაწყდეს“. აიხშტეტისა და ვიურცბურგის ეპარქიებიც ამ უკანასკნელ ფაქტორზე აკეთებენ აქცენტს.
ვიურცბურგის ეპისკოპოსი, ფრანც იუნგი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ მღვდლები იესოს მიმდევრები უნდა იყვნენ. ეს მას, როგორც ეპისკოპოსს, ძალიან აღელვებს: „რასაც მე მოვითხოვ ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც მღვდლად მსახურება სურს, არის ის, რომ მან შეგნებულად უნდა აირჩიოს იესო ქრისტეს ცხოვრების წესი“.
მისი აზრით, სავალდებულო ცელიბატის გაუქმება მღვდლების დეფიციტის პრობლემას ვერ გადაჭრის: „ეს ნაბიჯი რომც გადაიდგას, მამაკაცები, ალბათ, კარებს არ შემოგვიმტვრევდნენ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა იუნგმა.
ცელიბატის გამოა მღვდლების დეფიციტი?
ერლანგენის სამრევლო ვიკარს, კრისტოფ უტენროიტერს, სრულიად განსხვავებული აზრი აქვს. უტენროიტერი გერმანიაში კათოლიკური რეფორმის შესახებ გამართული დებატების „სინოდალური გზის“ მონაწილე იყო და სავალდებულო ცელიბატის წესს ღიად აკრიტიკებს.
მისი თქმით, სავალდებულო ცელიბატი არის დაბრკოლება, რომლის გადალახვაც ბევრ მამაკაცს, ვისაც მღვდლობა სურს, არ უნდა ან არ შეუძლია. კათოლიკე მღვდელი განმარტავს, რომ ის მღვდლად 1988 წელს 10 სხვა პირთან ერთად აკურთხეს: „მათგან ოთხმა, ცელიბატის გამო, პირველივე წლებში მღვდლობაზე უარი თქვა. ისინი სულაც არ იყვნენ ცუდი ადამიანები.პირიქით – ძალიან უნარიანი მამაკაცები იყვნენ, რომელთა გამოყენება დღესაც ძალიან კარგად შეგვეძლო“.
მამა უტენროიტერიიმედოვნებს, რომ თავისი ინიციატივის განხორციელების გზაზე ეპისკოპოს ბონის არანაირი დაბრკოლება არ შეხვდება და დაქორწინებული მამაკაცები ბელგიაში და, შესაძლოა, სხვაგანაც, უკვე 2028 წელს, მღვდლებად ხელდასხმული იქნებიან.
https://www.br.de/nachrichten/deutschland-welt/bischof-will-verheiratete-maenner-zu-priestern-weihen,VExkgBe
