ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე ნოტარიუსი მერი ბუბაშვილი დაიკითხა, რომელმაც ტელეკომპანიის წილების გადაფორმებისას ზეწოლაზე ისაუბრა.
როგორც პროკურატურის მოწმემ განაცხადა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 1 კვირაში ტელეკომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჯაოშვილი ნოტაროუსის ოფისში დაიბარეს და შეიარაღებული სამხედრო პოლიციის თანდასწრებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ წილები ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ დაეთმო.
ნოტარიუსის განმარტებით, თავად წინააღმდეგი იყო, რომ ზეწოლის გზით წილები დაერეგისტრირებინა და სანოტარო აქტი შეედგინა, თუმცა ზეწოლის შემდეგ იძულებული გახდა დოკუმენტები გაეფორმებინა.
პროკურორ ლაშა ცხვიტარიას განცხადებით, სამხედრო პოლიციელები მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის დავალებას ასრულებდნენ.
ტელეკომპანია „იმედის“ იძულებით წართმევის საქმეზე ბრალდებულია დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი. შემდეგი პროცესი 12 ივლისს ჩაინიშნა.