18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო, უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევგენი ჟუკოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟუკოვმა ბრიფინგზეგანაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავწერო განცხადება უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ჟუკოვმა.
მისი შეფასებით, პოლიციელების ქცევა სამარცხვინო იყო.
„პოლიციელებმა არაპროფესიონალურად და პოლიციის ოფიცრებისთვის უღირსად იმოქმედეს. ისინი გამოძახებაზე მივიდნენ და მოქალაქეებს უნდა დახმარებოდნენ, უნდა გადაერჩინათ ისინი, თუმცა არასწორად შეაფასეს ვითარება და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხეში დატოვეს“, – განაცხადა ჟუკოვმა.
ჟუკოვის თქმით, ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც მათ აცნობეს სროლის შესახებ. პოლიციელებმა ავტომობილი სახლთან დატოვეს, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, საიდან ისმოდა სროლის ხმა და ყვირილის მიმართულებით გაიქცნენ. ჟუკოვის განმარტებით, ადგილზე მათ ნახეს ბავშვი, ქალი და მიწაზე მწოლიარე კაცი. ერთ-ერთმა პოლიციელმა შეამჩნია, რომ ბავშვს თავის არეში ჭრილობა ჰქონდა, რის შემდეგაც მანქანიდან სამედიცინო ჩანთის მოტანა გადაწყვიტეს. თუმცა ამ დროს სროლა განახლდა და ქალი ყვიროდა, რომ სადარბაზოში შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. ჟუკოვის თქმით, პოლიციელები ვერ გაერკვნენ, საიდან ხდებოდა სროლა და მანქანისკენ გაიქცნენ, ბავშვიც მათ გაჰყვა. მისივე განცხადებით, პატრულს იარაღი უნდა ამოეღო და გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინა.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ პოლიციელები მოქალაქეებს და გარბიან.
ევგენი ჟუკოვმა აღნიშნა, რომ ცალკეული თანამშრომლების საქციელის მიხედვით მთლიანად პოლიციის შეფასება არასწორია.
ჟუკოვი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა
