აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერა ცუდი არჩევანი გააკეთა, როცა ვაშინგტონში ელჩად ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მანდელსონი დანიშნა.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღიარა, რომ „გამოავლინა დაუდევრობა“, როცა ვაშინგტონში ელჩი დანიშნა. ვეთანხმები, ეს ნამდვილად ცუდი არჩევანი იყო. თუმცა მას დიდი დრო აქვს, რათა გამოსწორდეს!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
72 წლის მანდელსონი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ყველაზე პრესტიჟული თანამდებობიდან 2025 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს, როდესაც ჯეფრი ეპშტეინთან მისი მეგობრობის მასშტაბები აშკარა გახდა.
თებერვალში პოლიციამ მანდელსონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობამ ყოფილ ელჩსა და ეპშტეინს შორის არსებული მიმოწერები გადასცა. მაშინ პირველად გაისმა მოწოდებები სტარმერის გადადგომის შესახებ.
