ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელ X-ში ისლამაბადში ამერიკელებთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდა კაპიტულაციის მაგიდად აქციოს.
„ტრამპი, ბლოკადის დაწესებით და ზავის დარღვევით, ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდა საკუთარ წარმოდგენაში კაპიტულაციის ან ომის განახლების გამამართლებელ მაგიდად აქციოს. ჩვენ მუქარის ქვეშ მოლაპარაკებებს არ მივიღებთ და უკანასკნელ ორ კვირაში მოვემზადეთ, რათა ბრძოლის ველზე ახალი კარტები გავხსნათ“, – დაწერა ღალიბაფმა.
ცნობისთვის, აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ ამ დრომდე არ განუცხადებია.
