უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებების მიერ მოსკოვში ხშირად ჩასვლა და კიევისთვის გვერდის ავლა უპატივცემულობაა.
„უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არჩამოსვლა“, – ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა სამხედროებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ დონბასის ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა სამხედრო ძალით ვერ დაიკავა.
„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი იქნებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განმარტებით, თავდაცვითი ხაზის მოწყობისა და გამაგრების გარეშე უკრაინა დასუსტდება, ხოლო უკან დახევის შესახებ ბრძანება არმიის სულისკვეთებას ძირს გამოუთხრის.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის უფრო სწრაფად დასრულება შესაძლებელია ფრონტის არსებული ხაზის გაყინვით. მან ასევე მიუთითა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გასვლას.
„საქმე ისიცაა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ. მე მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დღეს უპასუხისმგებლოა. უსაფრთხოების რა გარანტიებს აძლევენ უკრაინას? თუ იქ ფრონტის ხაზზე არ არიან პარტნიორები, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეტევას? რა შეაკავებს მათ? აშშ-ში აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებს. პრეზიდენტი ტრამპი ორ წელიწად-ნახევარი იქნება თანამდებობაზე და მერე რას ვიზამთ?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
