აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ლიდერებმა თურქეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების „გონივრული გადაწყვეტა“ რეალურია.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერდოღანმა სირიაში სტაბილურობის აღდგენას რეგიონისთვის „მნიშვნელოვანი მიღწევა“ უწოდა და ხაზი გაუსვა ლიბანში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების თავიდან აცილების აუცილებლობას.
საუბრისას ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ივლისში ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება გრძელდება და თურქეთი მუშაობს იმისთვის, რომ შეხვედრა „ყველა მიმართულებით წარმატებული“ იყოს.
თავის მხრივ, საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„მე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
