„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა პარასკევს განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს.
ეს პოზიცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ „უპასუხისმგებლობად“ შეაფასა.
ლე პენმა, რომლის 2027 წლის საპრეზიდენტო კამპანიაც მიმდინარე წლის ბოლოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დიდი ხანია აცხადებს, რომ სარდლობის სტრუქტურაში მონაწილეობა საფრანგეთის დამოუკიდებლობას უთხრის ძირს.
მან თავისი პოზიცია BFM TV-სთან კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოს ინტეგრირებული სარდლობიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ ნატოში, თუმცა სარდლობის დატოვება ხელს არ უშლის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას“, – განაცხადა მან და გააკრიტიკა ის, რასაც მან ევროპის აშშ-ის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულება უწოდა.
„რეალურად, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე, რაც დასანანია“, – თქვა ლე პენმა, რომლის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.
ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობა ალიანსის მუდმივმოქმედი მართვის სისტემაა, რომლის მიზანია უზრუნველყოს, რომ 32 წევრი ქვეყნის სამხედრო ძალებმა შეძლონ სწრაფი მოქმედება, როგორც ერთიანმა ძალამ.
