დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენად. მათი თავდადება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! წარმატებებს და მშვიდობას გისურვებთ!“, – აღნიშნა პრემიერმა.
