რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სახელმწიფო ორგანომ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა.
„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.
„როსსელხოზნადზორისგან“ მუშაობის ნებართვა სომხეთში მხოლოდ ორმა თევზის ქარხანამ მიიღო. მათი პროდუქცია „რუსეთში უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით შემოვა“, – განაცხადეს მოსკოვში.
მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთიდან ბოსტნეულის, მარწყვის, ყვავილების, მინერალური წყალი „ჯერმუკის“, ასევე სამი მსხვილი მწარმოებლის კონიაკისა და ღვინის შეტანა აკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანდება. 7 ივნისს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
