გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესში ევროპული მხარეც უნდა იყოს ჩართული.
„ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო დადგა. ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ კონფლიქტი ისეთ ფაზაში შევიდა, რომელიც მის დასრულებას სასწრაფოდ მოითხოვს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვადეპულმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარება შესთავაზა. ზელენსკის ინიციატივა ევროპული ქვეყნების მონაწილეობასაც ითვალისწინებს.
ვადეპულის თქმით, გერმანიისა და ევროკავშირის ჩართულობა აუცილებელია, რადგან მოლაპარაკებების დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.
„სწორედ ამიტომ ევროპელები ამ მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყვნენ“, – აღნიშნა ვადეპულმა.
მისივე თქმით, მონაწილეობის ფორმატისა და დროის განსაზღვრა ნებისმიერ მომენტში შეიძლება, თუმცა ევროპის გარეშე მსგავსი საკითხების განხილვა შეუძლებელია.
