თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. დოლიძე სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.
თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.
შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს.
საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”