სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საქმე ეხება ვიდეოს, სადაც მამაკაცი შეიარაღებულია და ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდს იხსენებს. ის აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩაცხრილვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამაში თავადაც მონაწილეობდა.
მედიასაშუალების ცნობით, ვიდეოში მამაკაცი ითხოვს, გადაიხედოს საქმე, რის გამოც ის 13 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.
