„ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტრამპს აფრთხილებს: თავი დაანებეთ დედოფალ მელონის“, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემასთან ინტერვიუში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ევროპას კონტინენტის დასაცავად აშშ კიდევ ათლწეულების განმავლობაში დასჭირდება, ამიტომ ლიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გააუცხოონ. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს საზღვრები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ თავდასხმებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონიზე.
„რა თქმა უნდა, ტრამპი მოკავშირედ გვჭირდება, მაგრამ მელონის ნუ შეეხებით. ის ევროპაში ცენტრისტული მემარჯვენეების დედოფალია, ის ლიდერია, თავი დაანებეთ მას“, – განაცხადა თეო ფრანკენმა.
ბელგიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯორჯია მელონი უყვარს.
„მე ის მიყვარს, ის კონსერვატორია, ის სრულიად იზიარებს ჩემს შეხედულებებს. და, ჩხუბს რაზე აპირებთ, ფოტოს გამო?“, – განაცხადა ფრანკენმა.
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახლოსაც არ არის იმასთან, რომ აშშ-ის მუდმივი დახმარების გარეშე საკუთარი თავი დაიცვას, ამიტომ, მისივე თქმით, ევროპელებმა „ამერიკელები საკუთარ მხარეს უნდა შეინარჩუნონ“.
ამასთან, თეო ფრანკენის თქმით, ევროპას 5-იდან 10 წლამდე დასჭირდება იმ კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების შესაქმნელად, რომლებსაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 ივლისს სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „შემაკავებელი ორდერია საჭირო“.
მანამდე დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა. ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე. არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა“.
ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.
