ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს მსგავსი გზავნილები პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
„ნინო ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, მის მიერ შემოთავაზებული და მსგავსი გზავნილები კი პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.
სინამდვილეში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკა მკაფიოდ აჩვენებს, რომ კლება ძირითადად იმ ქვეყნების გამოა განპირობებული, რომლებზეც რეგიონული კონფლიქტი და ავიამიმოსვლის შეზღუდვები პირდაპირ აისახა, მათ შორის არიან ისრაელი, ირანი, ინდოეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.
პარალელურად ისიც ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კლების მიუხედავად, საქართველოსთვის სხვა სტრატეგიული ბაზრებიდან პოზიტიური დინამიკა ნარჩუნდება. რეკორდული ზრდა ფიქსირდება ევროპიდან, ასევე იზრდება ვიზიტები შუა აზიიდან და ჩინეთიდან.
მოდით შევხედოთ ციფრებს – 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა.
2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში 76,405 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია.
2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 23.4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 152,975 ვიზიტი განხორციელდა (+19.4%).
სწორედ აღნიშნული მონაცემები განაპირობებს, რომ 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია.
აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემებს 21.1 მლნ. აშშ. დოლარით აღემატება (ზრდა 12.1%) და 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა.
ჯანგირაშვილის პოლიტიკური სურვილებისა და გზავნილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ასეთი დადებითი მონაცემები მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტური მოქმედებების ფონზე აქვს.
რაც უნდა ამტკიცონ დესტრუქციულმა სუბიექტებმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმართულებების დივერსიფიკაციას ახდენს და ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებსაც ახორციელებს. სახელმწიფოს აქტიური მუშაობა და მიღწეული შედეგები ნათლად ასახავს რეალურ სურათს, თუმცა, არსებობენ ჯანგირაშვილისნაირი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ აღიარებენ ამ პროგრესს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ მათთვის სამწუხაროდ, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევენ!“, – წერს ლადო სადღობელაშვილი.

