თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.
ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიანი ჭადარი, რომელსაც ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩაატარა ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ამავე მიზნით, დაგეგმილია კიდევ ერთი ჭადრის გადაბელვა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ.
ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება. უფრო მეტიც, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მწვანეს გახდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
