რუსეთის მიერ გვიან ღამით განხორციელებულ ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად კიევსა და მის შემოგარენში არაერთ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის ოლქში დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო 27 დაშავდა.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა ბროვარის, ბუჩისა და ფასტივის რაიონები, სადაც ცეცხლი გაუჩნდა საწყობებსა და ავტომობილებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან 15 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანება ქალაქის შვიდზე მეტ ლოკაციაზე დაფიქსირდა, მათ შორის ჰოლოსიივის, ობოლონის, დესნიანისა და სვიატოშინის რაიონებში.
კლიჩკოს განცხადებით, ჰოლოსიივის რაიონში ჩამონგრეული საწყობის ნანგრევებიდან ორი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს და ნანგრევებში შესაძლოა კიდევ იყვნენ ადამიანები მოყოლილი.
ობოლონის რაიონში რაკეტის მოხვედრის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა 20-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ხანძარი კიდევ ერთ საცხოვრებელ შენობაშიც გაჩნდა, ხოლო ორ საწყობში ცეცხლი სხვა კერებიდან გავრცელდა.
დესნიანის რაიონში ხანძარი საწყობს გაუჩნდა, ხოლო რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
