„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, მიუხედავად წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი არასდროს შეცვლილა, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლილებაზე საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შინაარსი რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს ჰგავს.
წერეთელის განმარტებით, 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსი მოქალაქეების მიმართ არ ნიშნავდა რუსოფილიას, არამედ ეფუძნებოდა იმედს, რომ დიპლომატიური გზით შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
მისი შეფასებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთთან საუბრის რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს. მისივე თქმით, 2008 წელს საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და ხელისუფლება განასხვავებდა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას რუსი ხალხისგან, რის გამოც მშვიდობიანი ტურისტებისა და კანონიერი ბიზნესსაქმიანობის მიმართ შეზღუდვები არ მოქმედებდა.
„მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა. უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს”- განაცხადა გიგი წერეთელმა.
