ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ ფრთხილად იყვნენ. აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტრლებს.
მისი თქმით, დიდი ხანია, აშშ არასწორ გათვლებს აკეთებს.
„ყალბ ამბებზე უარესი ყალბი დაზვერვაა. აშშ-მა დაზვერვის შეცდომების გამო დიდი ხანია, არასწორ გათვლებს აკეთებს“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამის მაგალითია ომი ირანის წინააღმდეგ.
მისივე შეფასებით, ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდ შეცდომას უშვებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს და საზღვაო ბლოკადაში აქვს მოქცეული. მისივე თქმით, ირანი ახლა მხოლოდ ლაპარაკობს და რეალური მოქმედების განხორციელება არ შეუძლია.
