ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„მამულის რეაბილიტაციის დასრულება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობის მემკვიდრეობა ახალ სიცოცხლეს იწყებს, საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენელი და ლევილ-სურ-ორჟის მერი ერიკ ბრევი დაესწრნენ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები, ასევე, ყველა ის ადამიანი, რომლებიც ლევილის მამულის ისტორიასთან სხვადასხვა დროს იყვნენ დაკავშირებული.
სტუმრებმა დაათვალიერეს ლევილის ქართველთა მამული, მათ შორის, შატო, ვენახები და ოდა; გაიმართა მამულის ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენა. მთავრობის წევრებმა ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას.
ღონისძიება დასრულდა სპეციალურად შექმნილი საკონცერტო პროგრამით, რომელშიც ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. რეაბილიტირებული ლევილი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას იძენს.
ლევილი არის სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო, სახელოსნო მუდმივმოქმედი სივრცეები, აკადემია ქართველი ხელოვანების, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის; ადგილი ქართული ვენახით და ხეხილის ბაღით. გამორჩეული ისტორიის მქონე ლევილი ხდება ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ქართული კულტურის გასაცნობად”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
