გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი „შეჩერების მექანიზმის“ კონტექსტში განიხილება. ამის შესახებ მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გასულ კვირას – ტელეფონით და დღესაც ვილაპარაკეთ ვიზალიბერალიზაციაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევა იყო – ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე“, – განაცხადა მერკელმა.