16 ივნისს, ესტონეთის აგრარული მუზეუმი, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ნიადაგის სიჯანსაღის შესაფასებლად, ბამბის საცვლებს დამარხავს. შეფასების ეს მეთოდი იმის დადგენას ემსახურება, თუ რამდენად სწრაფად იშლება ქსოვილი მიწაში. ამის გათვალისწინებით კი ხდება მიწისქვეშა ბიოლოგიური აქტივობის მაჩვენებლების დადგენა.
პროექტის ხელმძღვანელის, სანდრა ლიანეს თქმით, ეს ღონისძიება წინ უძღვის ესტონეთის აგრარულ მუზეუმში ახალი მუდმივმოქმედი გამოფენის, „რატომ მჭირდება ნიადაგი?“-ს გახსნას. „ახალი გამოფენის ვიზიტორებს, სხვა ექსპონატებთან ერთად, იმ საცვლების ნახვაც შეეძლებათ, რომლებსაც ახლა ვმარხავთ“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ რაც უფრო მეტად დაიშლება საცვლები რამდენიმე თვის განმავლობაში, მით უფრო აქტიურად და სიცოცხლისუნარიანად შეფასდება ნიადაგი.
საცვლების მიწაში ჩაამრხვა მოხდება იულენურმეში მდებარე სოფლის მეურნეობის შემეცნებით ცენტრში (ტარტუს მაზრა), სოფელ კურგიაში (პიარნუს მაზრა) არსებულ კარლ რობერტ იაკობსონის ფერმა-მუზეუმსა და ტორიში (პარნუს მაზრა) მდებარე ცხენსაშენ ფერმაში. „ექსპერიმენტისთვის განზრახ შეირჩა სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ნიადაგი გეოგრაფიულად განსხვავებულ სამ ადგილზე – იულენურმეში სათიბ-საძოვრებია, კურგიაში – ბაღის ნიადაგი, ტორიში კი – საძოვარი “, – დასძინა ლიანემ.
ცნობილი საერთაშორისო კამპანია სახელწოდებით, „დასვარე შენი საცვლები“ („Soil Your Undies“) ეფუძნება იდეას, რომ ჯანსაღ, ბიოლოგიურად აქტიურ ნიადაგში ორგანული ბამბის ქსოვილი, ნიადაგის ორგანიზმების აქტივობის წყალობით, შედარებით სწრაფად იშლება. საცვლებს მარხავენ და რამდენიმე თვის შემდეგ უკან იღებენ, ნიადაგის აქტივობისა და სიჯანსაღის შესაფასებლად.
ესტონეთის სამ ლოკაციაზე დამარხულ საცვლებს 8 სექტემბერს, ახალი მუდმივმოქმედი გამოფენის – „რატომ მჭირდება ნიადაგი?“ – გახსნამდე ერთი კვირით ადრე ამოთხრიან. ექსპერიმენტის შედეგები გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.
https://news.err.ee/1610051563/estonian-museums-to-bury-underpants-to-assess-soil-quality
