საქართველოს სამხედრო პოლიციის დღეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკიდან ეხმიანებიან.
სამხედროები კოლეგებს მილოცვას უგზავნიან და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი სამმართველოს უფროსს, პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილს იხსენებენ, რომელიც 2010 წლის 30 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციის მუსა-ქალას რაიონში დისლოცირებულ სამხედრო ბაზის საგუშაგოსთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. თავდაპირველად, ISAF-ის სამხედრო ოპერაციებში ჩაერთო, დღეს კი მტკიცე მხარდაჭერის მისიის – RSM-ის მონაწილეა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, 2016 წლის აპრილიდან სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო პოლიციელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ: საავიაციო ბაზა „ბაგრამზე“ დისლოცირებული V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მესამე ოცეული 30 პოლიციელითაა დაკომპლექტებული.
მათი ფუნქციაა ბაზის მაღალი რისკის მატარებელი №1 საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირების სრული კონტროლი, რომელიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთათვის.
ორი თვის განმავლობაში სამხედრო პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალებების სამხედრო ბაზაზე შეტანის მცდელობის 5 და სხვა სახის სამართალდარღვევათა 7 ფაქტი გამოავლინეს.