ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულზე იქადაგა.
სამების ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულდა მწუხრის და მუხლმოდრეკით ლოცვები, რის შემდეგაც პატრიარქმა სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
”ბედნიერია ის ადამიანი, ბედნიერია ის ერი, რომელსაც წინ უძღვის სულიწმინდა. დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი საპატრიარქო ტაძრის დღესასწაულს, რომელიც აშენებულია ღვთის განგებით ჩვენი ერის მიერ წმინდა სამების სახელზე.
სახარებაში წერია, რომ 50 დღეს აღდგომიდან მოციქულები შეიკრიბნენ იერუსალიმში და მათზე გადმოვიდა სულიწმინდა ცეცხლის სახით. მათ დაიწყეს ლაპარაკი უცხო ენაზე, ეს იყო უდიდესი მადლი.
დღეს ჩვენ შევასრულეთ მწუხრი, წაიკითხული იყო მუხლმოდრეკით ლოცვები, სადაც შევთხოვეთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა, მშვიდობა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მადლი სულისა წმინდისა გაამთლიანებს საქართველოს, დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს”, – ბრძანა ქადაგებისას ილია მეორემ.