უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარატოვის მცხოვრებლები ღამით აფეთქებებისა და ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მას არ დაუკონკრეტებია, რა იყო თავდასხმის სამიზნე.
სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის მცხოვრებლებმა ასევე განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა ენგელს-2-ის სამხედრო აეროდრომის მიმდებარედ შეინიშნებოდა. აეროდრომზე რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული. ამ დროისთვის უცნობია, დაზიანდა თუ არა სამხედრო ობიექტი.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ საკუთრებაში არსებული სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია და ის უკრაინის ძალების სამიზნე არაერთხელ გამხდარა, წერს უკრაინული მედია.
ქარხნის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 4,8 მილიონი ტონაა. საწარმო 20-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს, მათ შორის ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთსა და ბიტუმს, აწარმოებს.
