საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება” „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა და ამ თემასთან დაკავშირებით არსებულ შიდა დაპირისპირების მიუთითა.
„საქმე იმაშია, რომ რაღაც განსხვავებული პოზიციები არსებობს. იქნებ გადავდოთ საკითხი სექტემბრამდე, რადგან თემა სერიოზულია. თუ, მართლაც, რეფორმის მესამე ტალღაა, გარედან ამდენი შემოთავაზება და წინადადებებია, შიგნით დაპირისპირებული მდგომარეობაა. მივაქციოთ ფორმალურ მხარეს ყურადღება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოლეგებს შეახსენა, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დღის წესრიგში მესამე მოსმენით დგას და მასში არსობრივი ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.
”ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელიც მესამე მოსმენამდე არის მიყვანილი. მასში ვერაფერს ვეღარ შევცვლით: ის ან უნდა მივიღოთ რედაქციულ-ტექნიკური შესწორებებით, ან არ უნდა მივიღოთ. ეს იქნება აგვისტოში, სექტემბერში, თუ ივნისში, მდგომარეობა ასეთია. აქ ჩვენ ძალას ვერ ვიხმართ. თუ არაფერს არ ვიზამთ სექტემბერში, ისევ მოვალთ აქ და ასე შემდეგ. მესმის, რომ კანონპროექტს ძალით ვერ გამოვიტანთ, თუმცა ეს სისტემისთვისაც და ჩვენთვისაც პოლიტიკურად დამაზარალებელი თემაა. მგონი, ეს ყველას გააზრებული გვაქვს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
“ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის სექტემბრისთვის გადადებას ითხოვს
2016/06/24 14:13:55
კომენტარები
ნანახია: 1648 ჯერ