ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატარა მეგობრებისგან წერილები მიიღეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მოზარდების წერილებს ყურადღებით გაეცნენ, მათ პატარებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილები საქართველოში გამოსაგზავნად გაამზადეს.
პროექტის „წერილები ჯარსიკაცებს“ ფარგლებში თბილისისა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს წარმატებები და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ 2012 წლიდან ხორციელდება. სამთავრობო უწყებების პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.