„არავისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების პასუხად გააკეთა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მისი ეს გადაწყვეტილება ახალი არავისთვის არ ყოფილა, რადგან საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტები აქვს მიღებული, სადაც ცალსახად შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში გაწვევა აღარ იქნება.
მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მთავრობის მიერაა დამტკიცებული.
გარდა ამისა, ხიდაშელი აცხადებს, რომ ასევე არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება ანალოგიური შინაარსის, რომელიც ზუსტად იგივეს აცხადებს.
„არავისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. გადაწყვეტილება, რომელიც მე დღეს გავახმოვანე ეს არ არის ახალი ამბავი არავისთვის. ერთი წლის განმავლობაში ყველა ოფიციალურ ფორმატში, სადაც მე ვყოფილვარ ამაზე ვსაუბრობდი. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო საკომიტეტო მოსმენა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, სადაც მე ეს პოზიცია ცალსახად გამოვხატე. რატომ იყო ასეთი პოზიცია არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ეს არჩევნებს დავუკავშირო. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი სინამდვილეში. გადაწყვეტილება, რომელიც მე გავახმოვანე, რამდენიმე ძალიან კონკრეტული ამბავი უდევს საფუძვლად. პირველი საქართველოს აქვს სტრატეგიული დოკუმენტები მიღებული და ამ დოკუმენტში ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა. ეს არის გადაწყვეტილება, დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, მთავრობასთან არათუ შეთანხმებულია ეს საკითხი, არამედ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის ეს საკითხი დადასტურებული.
ასევე არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება ანალოგიური შინაარსის, რომელიც ზუსტად იგივეს აცხადებს. ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატო-ს წინაშე და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვარშავის სამიტის წინ ვიყოთ ერთგულნი ჩვენი გადაწყვეტილებების, რომელიც ამ ორგანიზაციის წინაშე გვაქვს აღებული და ის სისრულეში მოვიყვანოთ.
მთავარი საკითხი ჩემთვის არის, ის რატომ დღეს და არა ვთქვათ, ორი თვის წინ ან ორი თვის შემდეგ, დღეს ბატონმა სესიაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ სამი დღის წინ დასრულდა საგაზაფხულო გაწვევა. თავდაცვის სამინისტრომ გაიწვია კონტიგენტი და ახლა არასწორია ამის მიღებაო. ერთადერთი ამ წინადადებაში არასწორი ის არის, რომ სწორედ ახლა იყო მომენტი. მე რომ ერთი თვის წინ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა უსინდისო, არასწორი უსამართლო ნაბიჯი ჩემი მხრიდან, პოლიტიკური ტრიუკი იმიტომ, რომ დიახ, ჩვენ საგაზაფხულო გაწვევის დროს ახალგაზრდები კიდევ მორიგ ჯერზე გავიწვიეთ ჯარში – შეიარაღებულ ძალებში.
ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო გაწვევა და შესაბამისად, როდესაც გვაქვს ვალდებულება, რომ 2017 წლიდან აღარ იქნება ჯარში გაწვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოდგომო გაწვევას თუ ისევ განვახორციელებთ, ჩვენ პირობას ვარღვევთ და ეს არის არასწორი. მე თავდაცვის მინისტრი ვარ ამ ქვეყანაში და ვალდებული ვარ ვიყო ადეკვატური იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ჩემი ხელისუფლების პირობებში არის მიღებული.
მე შევასრულე დღეს ის დაპირება და მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ დაპირების ფარგლებში გამოვაცხადე.
პარლამენტში ინიციატივა იყო წარდგენილი გაწვევის საერთოდ გაუქმების შესახებ. შესაბამისად, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა ამ თემაზე მიღებული, მე რომ გამოვვარდნილიყავი მარტში და მეთქვა ნუ აუქმებ, ბუნებრივად ექნებოდათ ჩემს მიმართ პრეტენზია, რომ მე პოპულიზმით ვიყავი დაკავებული. მე ამ პროცესის ლოგიკურად დასრულებას დაველოდე და როდესაც პარლამენტმა დაასრულა თავის საქმიანობა ისე, რომ ეს საკითხი დარჩა ისევ გადაუწყვეტელი, ამიტომ, სწორედ იმ უწყებაში, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული და კონკრეტული ვალდებულებით არის შებოჭილი, მე ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
მე ველოდებოდი პარლამენტში პროცესის დასრულებას და რაც მთავარია, ველოდებოდი საგაზაფხულო გაწვევის დასრულებას“, -განაცხადა ხიდაშელმა.