პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
გენშტაბის უფროსი იმ კრიტიკას პასუხობს, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
„ძირითადი არგუმენტი, რაც პროფესიული ჯარის მოწინააღმდეგეებს აქვთ, არის ის, რომ პროფესიული ჯარი წყდება საზოგადოებას და ხდება ერთგვარი სამხედრო კასტა, მეორე არგუმენტი არის, რომ პროფესიული ჯარისკაცის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წვევამდელის. ჩვენი კონცეფციაა, რომ არ უნდა მოხდეს წყვეტა საზოგადოებასა და ჯარს შორის და რეზერვი შეავსებს ამ ნიშას.
რაც შეეხება ფინანსებს, ეს უნდა განვიხილოთ გრძელვადიან პერიოდში. პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი, ელემენტარულად, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. ამავე დროს, ცუდ ჯარისკაცს და კარგ ჯარისკაცს აქვთ ერთნაირი კვება, სჭირდებათ აღჭურვილობა, ტრანსპორტირება. ამავე დროს, წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდხანს იყო დისკუსია. ასევე ჰაერიდან არ არის მოტანილი რიცხვები და გათვლილია ყველა ხარჯი, რაც სჭირდება ჯარისკაცს თავის საქმიანობაში. ამის დაჯამების შედეგად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სწორია“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე თქმით, წვევამდელების შემთხვევაში ქვეყანას აკლდება სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი, და, ამავე დროს, აქვს ხარჯი მის შენახვაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.
“პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის”
2016/06/28 12:35:54
კომენტარები
ნანახია: 2524 ჯერ