ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების სასაფლაო “ანგელოზების ქალაქი” დაფინანსების გარეშე დარჩა. როგორც ირკვევა, უკვე ორი წელიწადია, რაც მემორიალი “ანგელოზების ქალაქი” სახელმწიფოსგან არანაირ ფინანსურ დახმარებას არ იღებს, ხოლო მემორიალის ანგარიშები დაყადაღებულია. ამის შესახებ ბესლანის ტრაგედიისას დაღუპულის მამამ და სასაფლაოს ზედამხედველმა კასპოლატ რამონოვმა Facebook-ზე დაწერა. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
მის პოსტის შემდეგ, სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახელობა ამ თემის შესახებ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო. “ხელისუფლებას არ გამოუვა იმის გაკეთება, რომ ჩვენ ბესლანი დავივიწყოთ“, – წერენ სოცქსელების მომხმარებლები ამ შინაარსის განცხადებებს.
ბესლანის ტერაქტის დროს კასპოლატ რამონოვის ქალიშვილი დაიღუპა, რის შემდეგაც ის იმ „ბავშვთა სასაფლაოს“ ზედამხედველი გახდა, სადაც ტერაქტის მსხვერპლები არიან დასაფლავებულები. ის მემორიალზე ცხოვრობს და პრაქტიკულად მარტოდმარტო უვლის იქაურობას. მისი თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა ჩრდილოეთ ოსეთის ახალი მეთაურის, ტამერლან აგუზაროვის გამოჩენით დაიწყო.
“დაიწყო ფინანსური კატავასია. ჯერ რაიონისთვის ჩვენი გადაცემა გადაწყვიტეს, შემდეგ გადაიფიქრეს, ხან კი ფული დაგვიანებით ჩაგვირიცხეს… ორი წელია, საკუთარი სახსრებით ვუხდი მუშებს, ვრგავ მცენარეებს, ძეგლებს ვარესტავრირებ, ვასუფთავებ, ვრეცხავ, და ბალახს ვთიბავ.
მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ბესლანში ჩამოდიან, უხუცესებს ხვდებიან და შთააგონებენ მათ, რომ დროა, ბესლანის ტრაგედია დავიწყებას მიეცეს, და რომ 1-3 სექტემბერს სამგლოვიარო ცერემონია აღარ უნდა გავმართოთ. თურმე ცამეტი წლის წინანდელმა ისტორიამ თავისი ტრაგიკული რესურსი ამოწურა“ – ამბობს ტამერლან აგუზაროვი.
2004 წელს ბესლანში კონფლიქტური კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტრაგედია მოხდა. ტერორისტების ჯგუფმა სკოლა დაიპყრო 1 სექტემბრის საზეიმო სასკოლო ღონისძიების დროს, რომელშიც სხვადასხვა სტატუსით 1,128 ადამიანი მონაწილეობდა და თითქმის ყველა მათგანი სამი დღის განმავლობაში, საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე, სკოლაში ჰყავდათ დამწყვდეული. რის შემდეგაც რუსულმა სპეც-სამსახურებმა შეტევა დაიწყეს. შედეგად 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის -186 ბავშვი. 783 ადამიანი დაიჭრა.