სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ AP წერს.
პაკ კინ ხე კორუფციული სკანდალის 18 ეპიზოდშია ბრალდებული.
მანამდე სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის მეგობარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა ედება.
კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის Samsung-მა, ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის ჩხვე სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული პრეფერენციების მიღების სანაცვლოდ გადარიცხეს. პრეზიდენტის მეგობარი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ერეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეებში და კავშირების გამოყენებით სერიოზულ სარგებელს იღებდა.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი 2016 წლის 9 დეკემბერს გამოუცხადა. მაგრამ პროკურატურამ მის წინააღდეგ საქმე ვერ აღძრა პრეზიდენტის იმუნიტეტის გამო. ის 2017 წლის 30 მარტს დააპატიმრეს.