თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს. გარდაცვლილის დედის განცხადებით, ამჟამად მათი ერთადერთი მოთხოვნა საქმის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა.
ახლობლების ინფორმაციით, ლუხუმ ჯანჯარია მეზობელ ქვეყნაში მწყემსად იყო წასული. მათივე ცნობით, ის თურქეთში 12 აპრილს წავიდა და ჩასვლის მეორე დღიდან ეძებდნენ.
„სამუშაოდ ჩემმა მეზობელმა წაიყვანა, ის დახვდა და მიიყვანა ერთ-ერთ სოფელში, სადაც მწყემსად უნდა ემუშავა. მეორე დღეს ჩემმა მეზობელმა დაურეკე თავის ცოლს და უთხრა, რომ ეს ვინ გამოუშვით, ამბობს, აქ ვერ დავრჩები, უნდა წავიდეო. როგორც მითხრეს, ჩაუსვამთ ავტობუსში და გამოშვიათ, ტაქსის ფულიც კი მიუციათ, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პრაქტიკულად, ჩასვლის მეორე დღიდან ვეძებდით“, – განაცხადა გარდაცვლილის მამიდაშვილმა ლელა კვარაცხელიამ.