საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთსა და მერჯევში აფხაზეთის ომისას დაღუპული ოთხი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, ასევე თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, წითელი ჯვრის საჩხერის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირადმა შემადგენლობამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა პირთა იდენტიფიცირება და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთნამშრომლობით განხორციელდა.
აფხაზეთის ომის გმირები მშობლიურ სოფლებში სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ხარჯები საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უზრუნველყო.
20 წლის ზაზა მაჭარაშვილი, 20 წლის ერმილე მაჭარაშვილი, 21 წლის მუხრან მაჭარაშვილი და 23 წლის გელა თურმანიძე სოხუმის დაცვისას გმირულად დაიღუპნენ.