დღეიდან თბილისის საპატრულო პოლიცია ახალი სამხრე კამერებით აღიჭურვება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ახალი კამერები 12 საათის მანძილზე ჩაწერას უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ, მონაცემები კი პარალელურად ცენტრალურ სერვერზე აიტვირთება.
“დღეიდან თბილისის პატრული იქნება აღჭურვილი ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს რაც ნიშნავს იმას, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა და ასევე კამერის მონაცემები გადაღების პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე, რაც ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა. ეს წარსულში იყო კითხვის ნიშნების და სპეკულაციების საგანი. მინდა მივულოცო ყველა პოლიციელს დღევანდელი დღე. ჩვენი მოქალაქეების მომსახურება არის უმაღლესი პრიორიტეტი, უსაფრთხოება არის უმთავრესი პრიორიტეტი და ის სტანდარტები, რომელიც მომსახურების ცენტრშია, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტია. დარწმუნებული ვარ, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თუ არა საუკეთესო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.