ბათუმის პლაჟს, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კონსტრუქცია შეემატა. პლაჟზე ტანსაცმლის მაღაზიის, ბარების, ბუნგალოებისა და რესტორნების გვერდით ქართული “ოდაც” შენდება. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.
პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქურის მოპირდაპირედ, კლუბ “მანდარინის” რებრენდინგი მოხდა და მის ნაცვლად ქართული ხის სახლი და ჭურები დაიდგა. გურული ან იმერული ოდის მსგავსი შენობის ჩადგმის ნებართვა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა.
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი ამბობს, რომ პროექტის იდეა პლაჟზე ქართული აკადემიური ტრადიციული გარემოს შექმნაა, რაზეც თანხმობა გასცა.
“იდეაა გაკეთდეს ეთნოგრაფიული სახლი, პროექტს მკვლევარი გია დიასამიძე ახორციელებს, რომელსაც უნდა სახინკლე და საზანდარი კი არა, კარგი ქართული, ეთნოგრაფიული სახლი გახსნას. ეს იქნება ტურისტების თავშეყრის ადგილი, იგეგმება მაღალი ხარისხის მშენებლობა. ჯერ არ აქვს დასრულებული სახე და ამიტომ წარმოდგენილ პროექტს არ ჰგავს…” – თქვა მირიან მეტრეველმა.
არქიტექტორი ამბობს, რომ პროექტში, ლამაზი ჩუქურთმებით გაწყობილი ოდაა წარმოდგენილი, თუმცა შესრულებაზე ის პასუხისმგებელი ვერ იქნება. “შეიძლება რენდერში ვერ აისახოს ის ჩუქურთმები და ძველი გურიის თუ იმერეთის სოფლებიდან წამოღებული ორნამენტები და ოდა. დოკუმენტების მიხედვით მაღალი ხარისხის პროექტი იქნება, თუმცა როგორი გამოვა მე ამის თავდებად ვერ გამოვდგები.”