სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა. ხალხი ქუჩაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც რაც მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერი კანდიდატის ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო.
როკ ჯგუფ System of a Down-ის სოლისტის სერჟ ტანკიანის განცხადებით, ის სომხეთში ჩასვლას და აქციებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
ამის შესახებ მუსიკოსი „ფეისბუკზე“ წერს.
„ძვირფასო თანამემამულენო.
ის, რასაც ბოლო ორი კვირაა სომხეთში თვალს ვადევნებთ, ცხადი გამარჯვებაა ნამდვილი დემოკრატიული პროცესების კუთხით.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავის სიტყვას უღალატა, როცა მხარი არ დაუჭირა ხალხის არჩევანს ნიკოლ ფაშინიანს. ისინი ცდილობენ, დრო მოიგონ და დაიცვას ის ლიდერები, რომლებიც წლებია, ქვეყანას ძარცვავენ.
ძალიან ვწუხვარ, რომ საშინელი ვირუსის გამო ამ დრომდე ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად ყოფნა, თუმცა ვცდილობდი აქედან გამომეხატა ჩემი პოზიცია. გპირდებით, რომ მალე იქ ვიქნები.
წლების განმავლობაში უსამართლობის შემდეგ თქვენ მოიგეთ ეს ბრძოლა. თქვენი მშვიდობიანი, სამოქალაქო და გონივრული აქტივიზმით თქვენ დაიცავით ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი.
შეინარჩუნეთ თქვენი დადებითი პოზიცია.
რთულია შეცვალო სიმბოლო, კიდევ უფრო რთულია შეცვალო მმართველობა, ყველაზე რთული კი კულტურის შეცვლაა. თქვენ უკვე შეასრულეთ ყველაზე რთული სამუშაო.
ძვირფასო დებო და ძმებო, მერწმუნეთ, სამართლიანობა იზეიმებს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს იშვიათად ხდება პარლამენტის დარბაზებში.
დღეს მთელი მსოფლიო თქვენს დაუმორჩილებლობასა და საოცარ გამარჯვებაზე საუბრობს. მოდი, განვაგრძოთ ეს გზა” – წერს სერჟი.