უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსაც, ოფიციალური კიევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას აპირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს წევრებს შეხვდა. პოროშენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნება სანქციების სამიზნე ან როდის ამოქმედდება ისინი. თუმცა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი “ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ევროპის ცენტრში და ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე”.
“დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახლადშემოღებული სანქციები კოორდინირებულია აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების და იურიდიული პირების მიმართ”,- თქვა პოროშენკომ.
მომხდარის გამო მოსკოვს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.