უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც 14 ივნისს მოსკოვში გაიმართება. Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით რუსეთს სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.
„მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა სირიაში ბოლო მოუღოს რუსი და სირიელი სამხედროების მხეცობას, ისინი არ დასხდებიან ვიპ-ლოჟაში გახსნის თამაშზე“, – განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა.
14 ივნისს რუსეთში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გახსნის თამაშზე ერთმანეთს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.